26, მარტი 2019 20:01:00
წარმატებული სპორტსმენი მაღალმთიანი აჭარიდან. 16 წლის გოგო, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო. ქეთი შავიშვილი სპორტის ორი სახეობითაა დაკაებული - მკლავჭიდითა და მაგიდის ჩოგბურთით
სოფელ ვაოში მცხოვრები 16 წლის ქეთი შავიშვილი ერთ - ერთი მკლავჭიდელი გოგოა მაღალმთიანეთიდან, რომელიც აჭარის ნაკრების სახელით ასპარეზობს. სპორტული მოღვაწეობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო და წარმატებასაც მალევე მიაღწია. მისი სპორტული მონაცემემები სკოლის დირექტორმა შეამჩნია. სწორედ, პირველად, 2017 წელს, მისი რჩევით მიიღო მუნიციპალურ შეჯიბრში მონაწილეობა, რასაც პროფესიონალების მოწონებასთან ერთად, ნაკრების სახელით ასპარეზობის შეთავაზებაც მოჰყვა.
იმავე წელს საქართველოს მკლავჭიდის ჩემპიონატზე იასპარეზა, მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მას შემდეგ მცირე პაუზა ჰქონდა. თებერვალში, ბათუმში ჩატარებულ რეგიონულ შეჯიბრში, გოგონებს შორის ჩემპიონობამ კი საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილის მფლობელი გახადა.
წარმატებისთვის ბევრს მუშაობს. კვირაში სამ დღეს სპორტულ წვრთნებს უთმობს, რისთვისაც სოფლიდან ქალაქში ჩასვლა და დღეში 90-მდე კილომეტრი გზის გავლა უხდება. თუმცა მოტივაციას ათეულობით კილომეტრი პრობლემას ვერ უქმნის. ამბობს, რომ ამაში განსაკუთრებით ოჯახი და სკოლა ეხმარება.
ახლა მეტერთმეტე კლასშია და სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის საუკეთესო მოსწავლეა. სპორტთან ერთად მისი სამომავლო გეგმები უმაღლესიგანათლების მიღებას უკავშირდება, პროფესიაც შერჩეული აქვს, ფიქრობს, რომ საუკეთესო ფსიქოლოგი გამოვა.
გარდა მკლავჭიდისა, ქეთი აქტიურადაა ჩართული მაგიდის ჩოგბურთში. გასულ წელს სამ თანასკოლელ გოგონასთან ერთად მალტაში, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით წარსდგა. მკლავჭიდის აჭარის ნაკრებში, ქეთისთან ერთად 40 -მდე სპორტსმენია, მათი უმრავლესობა კი ოცზე მეტი წლისაა.